მარშრუტის სიგრძე 27.8 კილომეტრია და საუკეთესო სეზონი ლაშქრობისთვის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.
ბილიკის გასავლელად საჭიროა 2 დღე და კარვით დაბანაკება.
მარშრუტი სოფელ ხერთვისიდან იწყება, რომელიც მდინარეების – მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. ის დაბა ასპინძიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული. სანამ გზას შეუდგები, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე – ხერთვისის ციხე უნდა მოინახულო, რომელიც მაღალ, კლდოვან მთაზეა აგებული. ხერთვისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.
ხერთვისიდან გეზი შალოშეთის მთისკენ უნდა აიღო. ულამაზესი ხედების გავლით გზა სოფელ აწყვიტამდე ჩაგიყვანს.
აწყვიტა კი ის სოფელია, რომელმაც მტრის შემოსევების მიუხედავად, ქართული ფოლკლორი და ტრადიციები დღემდე უვნებლად მოიტანა.
როცა გაშლილ მინდორზე მიგითითებენ და გეტყვიან, რომ აქ მიწისქვეშა თავშესაფრები - ე.წ. დარნებია, ნამდვილად გაოცდები. მტრის ხშირი შემოსევის გამო ადგილობრივები მას მეორე სახლსაც კი უწოდებდნენ. როცა მტერი მიწის ზემოთ მართლმადიდებლობას ანადგურებდა, მიწის ქვემოთ, დარნებში, ჯვრისწერაც კი ჩატარებულა. ვარაუდობენ, რომ ეს მიწისქვეშა თავშესაფრები გვიანი ბრინჯაოს ხანიდან არსებობს.