მართალია, ოფიციალურად ქვეყანაში ახალი წელი 1-ელ იანვარს დგება, მაგრამ საახალწლო ღონისძიებები დეკემბრის ბოლოდან 14 იანვრამდე გრძელდება. მანამდე კი ყველა დიდი ქალაქის ქუჩები სადღესასწაულოდ ირთვება.
ახალი წლის დღეები თბილისის ყველა სკვერსა თუ მოედანზე იგრძნობა.
დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ ინთება და ეს სანახაობა ღია ცის ქვეშ კონცერტით გრძელდება.
დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას: ვარდების მოედანზე, ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, რუსთაველის გამზირზე, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ ეწყობა.
„საახალწლო სოფელში“ ორი კვირის განმავლობაში ზღაპრული გარემოა შექმნილი და საინტერესო გასართობი ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანისთვის მოიძებნება - დღის განმავლობაში საბავშვო გასართობ წარმოდგენებსა და კოსტიუმირებულ შოუებს ნახავ, ანიმატორების, ელფების, ანიმაციური ფილმების პერსონაჟების მონაწილეობით, დღის ბოლოს კი უფროსებისთვის ბენდების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები იმართება.
საახალწლო დღეებში თბილისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მთაწმინდის პარკია, რომელიც გართობისა და დასვენებისათვის წელიწადის ოთხივე სეზონზე საუკეთესო სივრცეა.
თუ მთაწმინდის პარკში საახალწლო დღეებში ახვალ, აქ ქართველი თოვლის პაპა დაგხვდება, რომელიც ყოველ ახალ წელს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან - სვანეთიდან „ჩამოდის“. ის ქართულ ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი და საჩუქრები ფერადი ხურჯინით მოაქვს. მასთან შეხვედრა და ფოტოს გადაღება პატარებს ყოველთვის ყველაზე მეტად უხარიათ.
თბილისში განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის საახალწლო ბაზრობები, რომლებიც „საახალწლო სოფლებში“ იმართება.
საგანგებოდ აგებულ, პატარ-პატარა, საზეიმოდ მორთულ ჯიხურებში შეგიძლია შეიძინო ქართული სუვენირები, ხელნაკეთი სათამაშოები, სამკაული, ტანსაცმელი, ქართული ტკბილეული - მათ შორის გოზინაყი, რომელიც საგანგებოდ საახალწლოდ კეთდება.
ახალი წლის კულმინაცია კი, რა თქმა უნდა, 31 დეკემბერია - თბილისში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული გალაკონცერტი იმართება.
ახალი წლის ღამეს, გამთენიამდე, ხალხმრავლობაა დედაქალაქის ბარებში, რესტორნებსა თუ ღამის კლუბებში.
არანაკლებ საინტერესოა ახალი წლის დღეები შავიზღვისპირა ქალაქში.
სანაპიროზე საახალწლო სათამაშოებითა და განათებებით მორთული პალმები ულამაზესი სანახავია.
მთავარი საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარსა და ევროპის მოედანზე რამდენიმე დღე გრძელდება. 31 დეკემბრის საღამოს კი ბათუმიც გალაკონცერტით ეგებება ახალი წლის დადგომას.
„საახალწლო სოფელი“ ბათუმშიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თბილისში: საგანგებოდ გამართულ, ლამაზ ჯიხურებში ტრადიციულ კერძებს, სუვენირებს, ტკბილეულს შემოგთავაზებენ, დიდ ჭურჭელში მომზადებულ ცხელ გლინტვაინსაც თუ მიირთმევ, დეკემბრის სუსხი სულ დაგავიწყდება.
თუ შენთვის ახალი წელი იმ შეგრძნებასთან ასოცირდება, როცა ფანჯრებს გარეთ ლამაზად თოვს, შენ კი გაჩახჩახებულ ოთახში ბუხართან ზიხარ და შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულობ, ახალი წლის შესახვედრად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე უნდა ახვიდე.
ასეთი ახალი წელია - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე, ჰაწვალსა და თეთნულდზე. თოვლით დაფარული გარემო კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას ქმნის. დამსვენებლებს შესანიშნავ კაფე-რესტორნებში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით, კონცერტებით ხვდებიან და ჯადოსნურ საღამოებს აწყობენ.
თუ ძველით ახალ წელს, 14 იანვარს, სვანეთში შეხვდები, შეგიძლია გემოფესტს დაესწრო - ადგილობრივ „სთრით-ფუდ“ ფესტივალს, სადაც სვანურ ტრადიციულ კერძებს გასინჯავ.
13-14 იანვარს კი ჰაწვალზე ზურულდის თასის შეჯიბრი იმართება, რომელშიც ნებისმიერ მოყვარულ თუ პროფესიონალ მოთხილამურეს შეუძლია მონაწილეობა.
და როცა ახალი წლის დადგომას ერთი წუთი დააკლდება, მთელი საქართველო ერთად დაითვლის ძველი წლის ბოლო წამებს და უამრავი ფეიერვერკის ქვეშ საახალწლო სურვილებს ჩაუთქვამს.