ძამის ხეობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია შიდა ქართლში. საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ის ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების რაოდენობით გამოირჩევა. მათ შორისაა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი თავისი დიდებული ფრესკებით, აქაა XVII საუკუნის მძოვრეთის ციხე-დარბაზი, 5 ეკლესიისგან შემდგარი ქოზიფას მამათა მონასტერი, იგივე გუგომის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, და ძამის ციხე.
ძამის ხეობა თავისი ბუნებითაც მოგხიბლავს. ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე მდებარე შუანოს მთიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება; ხეობაში ნახავთ ტყეში ჩაფლულ ბატეთის ტბას, რომელიც ნასოფლარ ბატეთთან ახლოს, ზღვის დონიდან 1313 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის მიდამოები პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური და ნევროლოგიური სამედიცინო პროფილის საკურორტო ადგილად მიიჩნევა. ნახშირმჟავიანი მინერალური წყლითაა ცნობილი ძამის შენაკადის - ტყემლოვნისწყლის ხეობა.
აბუხალოს მთასთან ახლოს შეგიძლია ძამის ხეობის მარგალიტი, ბუნების ძეგლი, 25 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი ნახო. აბუხალოს საფეხმავლო ბილიკი ბარძიმჯვარის მწვერვალზეც აგიყვანს, საიდანაც ქართლის ტერიტორია ხელისგულივით გადაიშლება.