წალკის (დაშბაშის) კანიონი ბუნების ძეგლია, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს და ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ლამაზი სანახავია.
სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრზე, სოფელ დაშბაშის მიდამოებში, ლავურ მაღლობზე, ყველა სხვა კანიონისგან განსხვავებულ, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ხეობას აღმოაჩენ.
კანიონამდე ფეხით გასავლელი მანძილი მოკლეა, თავად ხეობის სიგრძე კი 8 კილომეტრს აღწევს. ამ გზაზე უამრავი საინტერესო მონაკვეთია მათთვის, ვისაც თავგადასავლები და ლაშქრობები უყვარს.
წალკის (დაშბაშის) კანიონს ზაფხულის სეზონზე თვეში დაახლოებით 10 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
ზაფხულში ამ ადგილებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +16 გრადუსია, ზამთარში კი, როცა ტემპერატურა -6 გრადუსამდე ჩამოდის, ჩანჩქერი იყინება და ზღაპრულ სანახაობას ქმნის.
ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წალკა. აქედან სოფელ დაშბაშამდე 4 კმ-ია, სოფლის ცენტრიდან კანიონამდე კი - 0,5 კმ.
კანიონის სიგრძე 8 კმ-ია, სიმაღლე კი რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს.
აქ გამორჩეული სანახაობა „მტირალი კედელია“ - კლდეებზე გადმოფენილი პატარა ჩანჩქერების ფარდა.
წალკის კანიონში მღვიმეებიც არის. მათ შორის ზოგი ბუნებრივი წარმოშობისაა, ზოგი კი ადამიანის შექმნილია.
ფერდობების მცენარეული საფარი, ჩანჩქერებთან ერთად, უნიკალურ მიკროლანდშაფტსა და მიკროკლიმატს ქმნის.
კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება 1,8 კმ სიგრძის ბილიკი, რომელიც ჩანჩქერებამდე ჩადის. ჩანჩქერზე ბილიკით ჩასვლასა და ამოსვლას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, თუმცა სპეციალური მანქანებით სარგებლობაც შესაძლებელია.
თავად კანიონზე კი 240 მეტრი სიგრძის თანამედროვე შუშის ხიდია გადებული. ხიდის ქვეშ ბაიკ-ლაინით გასეირნებაც შეგიძლია. ხიდის შუაში მოწყობილია ბარ-რესტორანი, კანიონის ტერიტორიაზე კი 5-ადგილიანი, კომფორტული კოტეჯიც დგას, სადაც ღამის გათენება შეგიძლია.
კანიონთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტი ქალაქი წალკაა, რომელიც თბილისიდან 88 კმ-ით არის დაშორებული.