არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები - ძვ.წ. IV საუკუნის იარაღი, ძვ.წ. VIII საუკუნით დათარიღებული კერამიკული ნაკეთობები, XI საუკუნის სახარება და ბევრი სხვა არტეფაქტი მოწმობს, რომ აქ, იმერეთში, კავკასიაში პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ, ქუთაისი კი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო.
დედაქალაქის სტატუსი ქუთაისს შუა საუკუნეებამდე შემორჩა. ამიტომაცაა, რომ იმერეთი თავის სტუმრებს მთელი საქართველოს ისტორიას უძველესი ღირსშესანიშნაობებით უყვება. ამ ღირსშესანიშნაობების სანახავად, სულ ცოტა, ვანს, ქუთაისსა და წყალტუბოს უნდა ეწვიო - დაათვალიერო ანტიკური ნაქალაქარი, შეეხო დინოზავრის ნაკვალევს, მოისმინო ამაღელვებელი ისტორიები არგონავტების მოგზაურების შესახებ და საოცარი ბუნებითაც დატკბე.
თუ ლაშქრობის მოყვარული ხარ, ქალაქების დათვალიერების შემდეგ ტური წყალტუბოს გაბზარული ტბით, კინჩხის ჩანჩქერითა და ოკაცეს კანიონით შეგიძლია გააგრძელო. ეს უკანასკნელი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ბუნებრივი ქვახიდითა და მღვიმეებით გაგაოცებს. ექსტრემის მოყვარულებს კი გამჭვირვალე საფარის მქონე კიდული ბილიკები ელოდება. 2-3-საათიანი ტურის ბოლოს განსაკუთრებული სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობას იქ მდგარი სმარტ-სელფის აპარატი მოგცემს.
მოგზაურთა შემდეგი გაჩერება სოფელი კინჩხაა, სადაც ზღვის დონიდან 843 მეტრზე სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერის კასკადს ნახავ.
იმერეთში აუცილებლად მოსანახულებელ ბუნების მშვენებებს შორისაა: ნავენახევის მღვიმე, ლომინა, ხანის ჩანჩქერი, ქვასაყდარა, მუხურას ჩანჩქერი.
ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასულიერო მოღვაწის, გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოსწავლის მიერ IX საუკუნეში აგებულ უბისის მონასტერს. ტაძარი XIV საუკუნეში მოიხატა. ფრესკებს შორის გამორჩეულია „საიდუმლო სერობა“ და წმინდა გიორგის ფრესკა. მონასტრის გვერდით 1141 წელს აგებული ოთხსართულიანი კოშკიც დგას.
უნდა ნახო ვანის ნაქალაქარი, აქ აღმოჩენილი არტეფაქტები ანტიკური საბერძნეთისა და ელინური კულტურის შესახებ მოგიყვება და დაგიდასტურებს, რომ ქრისტეს შობამდე VIII საუკუნით ადრე ამ ტერიტორიაზე კოლხეთის სამეფო არსებობდა. წითელ წიგნში შეტანილ კაცხის სვეტზეც უნდა ახვიდე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, სადაც 40 მეტრი სიმაღლის კლდის წვერზე ეკლესიაა აშენებული.
აუცილებლად მოინახულე მოწამეთაც - ქუთაისიდან 6 კმ-ში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე სამონასტრო კომპლექსი, რომლის სიცოცხლეც ათვლას VIII საუკუნიდან იწყებს. მწვანეში ჩაფლულ ულამაზეს კომპლექსამდე მოკლე საფეხმავლო გზა მიგიყვანს. ეს ერთგვარი ხერხია, ბოლომდე შეიგრძნო გარემო, რომელიც შენ თვალწინ იშლება - წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვაფრად შეღებილი მთები და მათ შორის მორბენალი, ყოველთვის წითელი მდინარე, რომელსაც ფერადი სახელი - წყალწითელა ჰქვია.
ეწვიე 1003 წელს გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქში, ქუთაისში, ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ აგებულ ბაგრატის ტაძარსაც და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს - გელათის სამონასტრო კომპლექსს, რომლის შუა საუკუნეებში დაარსებულ აკადემიას თანამედროვეები „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმს“ უწოდებდნენ.
სანახავს იმერეთში რა დალევს, მთავარია, დრო და სურვილი გქონდეს.
იმერეთში ორი მდინარე – რიონი და ყვირილა ჩამოედინება. აქ ტყეს 2500 ჰექტარი უჭირავს. რეგიონისთვის დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. ზამთარი ცივია, ზაფხული კი - ცხელი.
იმერული სამზარეულო განსაკუთრებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. აქ მთავარი კერძი იმერული ხაჭაპურია, რომლის საიდუმლოც იმერულ ყველშია.
ეს მხარე ვეგეტარიანული კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ნიგვზიანი ფხალი, იმერული ლობიო და ბევრი სხვა… თუმცა იმერელი დიასახლისები ხორცით მომზადებული კერძების ოსტატებიც არიან: საცივის იმერული ვერსია, რომელიც ქათმის ხორცისგან მზადდება, ახალი წლის მთავარი კერძია.
იმერეთი სტუმარმასპინძლობით ცნობილ საქართველოშიც კი გამორჩეული მასპინძელია. ამიტომ გამორიცხული არ არის, ამ საოცარი კერძების დაგემოვნება შენთვის სრულიად უცხო ოჯახში ექსპრომტად მიწვეულს რომ მოგიწიოს.