60-70 მილიონი წლის წინათ მიწიდან 40 მეტრის სიღრმეში წარმოქმნილი კარსტული მღვიმე ქუთაისიდან 40 კმ-ში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. ჰორიზონტალური მღვიმის სიგრძე 1,8 კმ-ია, შესასვლელის სიმაღლე - 3,5-4 მეტრი, სიგანე კი - 7 მეტრი.
აქ 22 სხვადასხვა ზომის დარბაზია და მათგან ტურისტებისთვის ექვსია ხელმისაწვდომი: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთის დარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“ და „იბერიის დარბაზი“.
მღვიმეში 1420 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკია, სანაოსნო მონაკვეთის სიგრძე კი 380 მეტრია. კიბე 880 საფეხურისგან შედგება. საფეხმავლო ბილიკს 380 მეტრი სიგრძის ტბასთან მიჰყავხარ, სადაც შეგიძლია სასიამოვნო მუსიკისა და ლაზერშოუს თანხლებით ნავით გაისეირნო.
მღვიმეში წყალმცენარეების 19 სახეობაც შეგხვდება. აქ მწერების, უხერხემლოებისა და მოლუსკების 40-მდე სახეობა ბინადრობს და აღმოჩენილია მღვიმური დათვის ჩონჩხის ფრაგმენტები, ცარცული პერიოდის ზღვის ვარსკვლავები, მოლუსკები და სხვა.
თავისი მიკროკლიმატით პრომეთეს მღვიმე ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის ეფექტიანი თერაპიაა და მისი დათვალიერება შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე ნავით.