KA
2024-11-21T06:08:53.000000Z
რატომ უნდა დაისვენო ოჯახით საქართველოში

რატომ უნდა დაისვენო ოჯახით საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომელი გზით ჩამოხვალ ოჯახთან ერთად საქართველოში, საჰაერო იქნება ეს, სახმელეთო თუ საზღვაო; მიუხედავად იმისა, რომელი მხრიდან ეწვევით საქართველოს - აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან, დასათვალიერებელი და დასამახსოვრებელი არ მოგაკლდებათ. საქართველო საინტერესოა არა მხოლოდ მარტო ან სოლო მოგზაურებისთვის, არამედ ოჯახთან ერთად დასვენებისთვისაც კარგი ვარიანტია.
სარჩევი

მთაწმინდა და ფუნიკულიორი

მთაწმინდა და ფუნიკულიორი ღამით

მოგზაურობა დაიწყეთ თბილისით, საქართველოს დედაქალაქით, რომელიც თხუთმეტი საუკუნის წინათ დააარსა მეფე ვახტანგ გორგასალმა. აი, იმ მეფემ, რომლის ძეგლიც - ცხენზე ამხედრებული, მბრძანებლის აღმართული მარჯვენით, მეტეხის კლდეზე დგას და თბილისს გადმოჰყურებს. მთაწმინდა და სატელევიზიო ანძა პრაქტიკულად ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს. აუცილებლად უნდა ახვიდეთ ფუნიკულიორით მთაწმინდის პარკში. დასვენებისა და გართობისთვის ეს შესანიშნავი ადგილია. საბავშვო და მოზრდილების ატრაქციონები - კვადროციკლები, ბატუტი, მხტუნავი კოშკი, მფრინავი ფუტკრები და გიგანტური ეშმაკის ბორბალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო მაღლიდან გადმოხედოთ თბილისს. მთაწმინდის პარკის ფართო ვერანდებიანი პოსტმოდერნული არქიტექტურის რესტორანი კი თქვენს შთაბეჭდილებას გემრიელსაც გახდის. მთაწმინდის პარკიდან დანახული თბილისი მთელ ოჯახზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

აუცილებლად უნდა წახვიდეთ ბოტანიკურ ბაღში: ვარდნარები, იასამნები, სხვადასხვა ჯიშის ხეები, ფანჩატურები, ხიდები, შადრევნები, ხეივნები... აქ შემოგთავაზებენ სხვადასხვა ტურს: ველოტურს, შემეცნებით ტურს, ტურს ბავშვებისთვის და ა.შ. ბოტანიკურ ბაღში არა მხოლოდ   ლამაზი ბუნება, არამედ ენდემური და მსოფლიოს სხვადასხვა მხარის ფლორა, შემეცნებითი და გასართობი სანახაობებია. აქ ექსტრემის მოყვარულებს ზიპლაინი და საცოცი კლდე - კედელი გელოდებათ. აუცილებლად ეწვიეთ მუზეუმ-კაფეს და გემრიელად დანაყრდით. გემოს ხომ მეხსიერება სანახაობაზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ ინახავს.  

თბილისში ბევრი  მოზრდილი ბაღი და პარკია: ვაკის პარკი, მუშთაიდი, პარტიზანების, მზიურის, დედა ენის ბაღი, კიკვიძის, გლდანის, ალექსანდრეს, ექსპო ჯორჯიის... ყველას თავისი ხიბლი აქვს, სიმწვანე და სასეირნო ბილიკები. ბავშვების გასართობად უფრო დედა ენის ბაღს, მზიურს, გლდანის პარკს, ვაკის პარკსა და მუშთაიდის ბაღს გირჩევთ. მუშთაიდში, ბევრნაირ საბავშვო ატრაქციონთან ერთად, თითქმის ასი წლის ნამდვილი  მატარებელიცაა ნამდვილ რკინიგზაზე, ნამდვილი ბაქნითა და ზარით - თითქოს სადღაც ზღაპარში უნდა გამოგზაუროთ.   

მოგზაურობამ გამახსენა, საჰაერო  ბურთის გონდოლით გასეირნებაზე უარი არ თქვათ. ქალაქის ძველ უბანში - რიყეზე, მაღლა აიხედეთ და ბურთს შენიშნავთ. თხუთმეტი წუთი ფილეას ფოგისა და პასპარტუს შეგრძნებებით ქალაქის პანორამით დატკბობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მთავარია, ფრენა ქარის დროს არ გადაწყვიტოთ - ქარში ბურთი არ გაგასეირნებთ. 

თბილისში სამი სხვადასხვა მარშრუტის საბაგირო გზის ხაზია, რომლებსაც როგორც პრაქტიკული, ისე სანახაობითი დანიშნულება აქვს.

არ უნდა დამავიწყდეს, გითხრათ, რომ რიყის პარკიდან ნავმისადგომზეც გახვალთ და მდინარე მტკვარზე ტივით ან  ელექტრონავით გასეირნებასაც შეძლებთ. 

და კიდევ, ერთი ინფორმაცია ტრანსპორტისა და დასასვენებელი ადგილის შესახებ.  მართალია, თბილისი ზღვისპირა ქალაქი არ არის, მაგრამ ხელოვნური ზღვა აქვს, მთებით გარშემორტყმული. ზღვა - თავისი პლაჟით, იახტკლუბითა და საზღვაო გასართობებით. გაისეირნეთ იახტით და ნახეთ, როგორ აფორიაქებს ზღვის ცისფერ ზედაპირს ჩუმი ქარი.

თბილისის ზოოპარკი მალე ასი წლის გახდება. აქ მსოფლიოს ფაუნის ორასამდე სახეობის  წარმომადგენლები ბინადრობენ. ზოოლოგიური პარკი ქალაქის ცენტრშია, ბავშვები ატრაქციონებითაც შეიქცევენ თავს და ვოლიერებსაც დიდხანს ვერ მოაცილებთ.

თბილისში ფუნქციონირებს ცირკი, მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრები. თოჯინები საოცარ სამყაროს ქმნიან და მათი თამაში, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, ხშირად ყველასთვის საინტერესოა. 

სანამ დასავლეთისკენ წახვიდოდეთ, აუცილებლად ინახულეთ კახეთი. მოიარეთ სიღნაღი და თელავი. თელავში მთელ ოჯახს ნადიკვარის პარკი გელოდებათ. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ლამაზი ბუნება, ულამაზესი ბაღები, ტერასები და დასასვენებელი თუ სათამაშო სივრცეები სიამოვნებას და საუკეთესო დასვენებას გპირდებათ. 

დასავლეთი საქართველო

ბათუმი ღამით

დასავლეთ საქართველოშიც არანაკლებ შეძლებთ საოჯახო გართობა-დასვენებას. თუ ქუთაისში ხართ, გაბაშვილების გორაზე ადით - აქ გაშლილ პარკში ბევრია სასეირნო ადგილი, ატრაქციონი და მშვენიერი რესტორანიცაა დასანაყრებლად. გორიდან ულამაზესი ხედი იშლება ქუთაისზე. ამ ხედით ტკბობა საბაგიროდანაც შეგიძლიათ - ეს გორაზე ასვლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და საინტერესო გზაა.  

ქუთაისში შეგიძლიათ ბოტანიკური ბაღი დაათვალიეროთ, უნიკალური მცენარეებითა და ხეში გამოკვეთილი სამლოცველოთი; ქალაქის ისტორიული ხიდები ნახეთ, რომელთაგან ერთი ამიერკავკასიაში უძველესია, მეორე კი - საფრანგეთში სპეციალურად ამ ქალაქისთვის დაპროექტებული და ჩამოტანილი. ესტუმრეთ ქუთაისის თოჯინების თეატრს, მუზეუმებს, რომლებიც ამ ქალაქში ბევრია და, დამერწმუნეთ, კმაყოფილები დარჩებით. ქუთაისში სანახავი კიდევ ძალიან ბევრია, თუმცა კარგი იქნება, თუ ზღვისკენაც აიღებთ გეზს. 

სანამ აჭარაში, ბათუმში, ჩახვალთ, აუცილებლად შეიარეთ შეკვეთილის ციცინათელების პარკში.  გურიის ზღვისპირეთის ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე განთავსებული ბოულინგი, კარტინგი, სიცილის ოთახი, მუსიკალური შადრევანი და ბევრი სხვა ატრაქციონი კარგ გართობას გპირდებათ. 

შეკვეთილშივეა მინიატიურების პარკი, სადაც საქართველოს ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ თუ კულტურულ ძეგლს მინიატიურული სახით ნახავთ. შეიძლება, მთელი საქართველო ვერ მოიაროთ, მაგრამ ამ პარკიდან გამოსულებს თავისუფლად შეგეძლებათ თქმა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს იცნობთ. 

ისევ და ისევ შეკვეთილშია მუსიკოსების პარკი. ამ საოცარ ადგილზე მსოფლიოს გამორჩეული მუსიკოსების ქანდაკებები დგას და მათთან მიახლოებისას, ცნობილი ჰიტები თუ კომპოზიციები იწყებს აჟღერებას. 

შეკვეთილიდან ისე არ წახვიდეთ, დენდროლოგიური პარკი რომ არ ნახოთ. 60 ჰექტარზე გაშენებული უნიკალური პარკი, რომელიც ენდემური ქართული და მსოფლიოს ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებითაა სავსე, განაშენიანებითაც გამორჩეულია და შავიზღვისპირეთის, მეტიც, რეგიონის უნიკალური ადგილია. 

აჭარაში ზღვაც და მთაც თქვენს განკარგულებაშია, საოჯახო დასვენება კი - გარანტირებული. მთავარ ქალაქში, ბათუმში, თვალის მისაპყრობი და გასართობი ბევრია. აუცილებლად გაისეირნეთ ბათუმის ბულვარში. ზღვის სანაპიროს გასწვრივ ფეხით გაიარეთ ან ველოსიპედი, კვადროციკლი თუ ტრაიციკლი დაიქირავეთ. ღამით ბათუმის ბულვარში ფერადი ნათურებით განათებული შადრევანი, მუსიკის ფონით, სამგანზომილებიან ლაზერულ შოუს მართვას, მოცეკვავე წყლის ილუზიას ქმნის და თვალს იტაცებს. 

ბათუმის ცენტრში არის საოცრებათა პარკი. სეირნობისას თქვენს ყურადღებას მიიქცევს ქანდაკება ალი და ნინო, სიყვარულის ქანდაკება. ვერ მოსწყდებით და რამდენჯერმე ნახავთ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ორი ფიგურა - ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ეს საკმაოდ ემოციური სანახაობაა. 

არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა ასტრონომიული საათი კოშკზე. სპეციალური მექანიზმით ასტრონომიული საათი ბევრ ინფორმაციას იძლევა - მზის, მთვარის, თანავარსკვლავედებისა და პლანეტების განლაგების შესახებ, მზის ამოსვლისა და ჩასვლის თაობაზე, გვაჩვენებს მთვარის ასაკსა და  მთვარის მოძრაობას დედამიწის გარშემო. თუ თქვენ ასეთი საათი ჯერ პრაღაში არ გინახავთ, ამ საოცრების ნახვა პირველად ბათუმში გელით. საათის წინ დაფაა, რომელზედაც ახსნილია ასტრონომიული საათის დანიშნულება და გამოყენების წესები. 

როცა ანბანის კოშკში ლიფტით მაღლა ახვალთ, თვალწინ შავი ზღვისა და გარშემო ულამაზესი მთების ხედი გადაგეშლებათ. თუმცა ბათუმის ცენტრიდან ანურის მთასთან დამაკავშირებელი თითქმის სამკილომეტრიანი საბაგირო გზით თუ გაისეირნებთ, ზღვისა და მთის კონტრასტული, მაგრამ ჰარმონიული ხედის განუმეორებელ სანახაობას იხილავთ. ამ გზის ბოლოს რესტორანია, რომელშიც აუცილებლად უნდა მიირთვათ აჭარული ხაჭაპური და სხვა აჭარული გემრიელობები. 

რა თქმა უნდა, უნდა ესტუმროთ დელფინარიუმს დელფინების საოცარი შოუს სანახავად და იმ განცდისთვის, რომელსაც ზღვის ამ საოცარ ძუძუმწოვრებთან ურთიერთობა მოგანიჭებთ. ეს შესაძლებელია, ბათუმელი დელფინები ისე არიან გაწვრთნილები, რომ მათთან კონტაქტი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი არ არის. 

არ დაგავიწყდეთ მუზეუმები, განსაკუთრებით - ეთნოგრაფიული, რომელიც მთელ ოჯახს ბევრ საინტერესოს მოგითხრობთ.

საქართველოს კურორტები

ალი და ნინოს ქანდაკება

ბავშვებთან ერთად დასასვენებლად, განსაკუთრებით ზამთარში, საუკეთესო დასასვენებელი ადგილებია ბაკურიანი და კურორტი გუდაური. აქ ისინი თხილამურზე დგომასაც ისწავლიან. თუ აღჭურვილობა თან არ გექნებათ, არ იდარდოთ - მათ დაქირავებას ან შეძენას ადგილზევე შეძლებთ.

ეს და სხვა კურორტები, თავისი ეკოლოგიური გარემოთი და ბავშვებზე მორგებული ინფრასტრუქტურით, ოჯახური დასვენებისთვის სხვა სეზონებზეც შესაფერისია. მით უმეტეს, რომ ირგვლივ ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც ლაშქრობებისა და პიკნიკების მოწყობა შეიძლება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა