მთებით გარშემორტყმული, ვულკანური წარმოშობის ჯავახეთის ტბების ორნითოფაუნა ნამდვილი განძია: ორი სახეობის - თეთრი და ხუჭუჭა ვარხვი, რუხი წერო, მრავალი სახეობის ყანჩა, იხვი, წყლის ქათმები და ქათამურები, თევზიყლაპიები, ჭაობის ძელქორი, ჩვამა, მრავალი სახეობის წყლისა და მენაპირე ფრინველი და სხვა.
ჯავახეთის ტბები სიცოცხლითაა სავსე, აქაური მრავალფეროვნება ადვილი შესამჩნევია. ჭაობებიდან, სხვა მრავალ ხმასთან ერთად, ძნელად დასანახი წყლის ბუღის მოგუდული ძახილი ისმის. ტბების ნაპირებზე კი აქაურობის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი პატარა ჩიტი - ყვითელთავა ბოლოქანქარა დააბიჯებს.
ჯავახეთის სახნავ-სათესად დამუშავებულ ველ-მინდვრებზე მრავლად ნახავ თეთრი ყარყატების გუნდებსა და მღრღნელებზე მონადირე კაკაჩებს.
თეთრფრთიანი გარიელის საბუდარია ტაბაწყურის ტბა. ეს იხვი, რომელიც ძირითადად სკანდინავიაში და კიდევ უფრო ჩრდილოეთით, არქტიკაში ბინადრობს, მეცნიერების დაკვირვებისა და განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, რადგან ტაბაწყური საქართველოში მათი ერთადერთი საბინადრო ადგილია, გარიელების პოპულაცია კი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ეგზემპლარს ითვლის.
ჯავახეთის ყველა ტბამდე მიდის მანქანა. ცივი კლიმატისა და სწრაფად ცვალებად ამინდის გამო, თბილი სამოსი და, რა თქმა უნდა, სამთო ფეხსაცმელი დაგჭირდება.
ჯავახეთის ტბებისა და მთების ბინადრების გასაცნობად ორი დღე მაინც უნდა ივარაუდო.
თუკი განსაკუთრებულ კომფორტს არ ეძებ, შეგიძლია ნინოწმინდისა და ახალქალაქის სასტუმროებში ან მიმდებარე სოფლების (განძანი, ჟდანოვი, სულდა) ოჯახურ სასტუმროებში გაჩერდე. კომფორტისთვის ადგილი ვარძიის სიახლოვეს მოქმედ სასტუმროებში უნდა დაჯავშნო.