საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში, ამ ადგილას, სადაც დღეს სვეტიცხოველი დგას, ხის ეკლესია IV საუკუნეში საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიან III-ს აუგია. დღევანდელი საკათედრო ტაძარი კი 1010-1029 წლებშია აშენებული, მეფე გიორგი I-ის მმართველობის ხანაში.
სვეტიცხოვლის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაშია შეტანილი.
თუმცა, ტაძარი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, არამედ მიჩნეულია იმ ადგილად, სადაც ინახება მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე - უფლის კვართი.
საქართველოში ეკლესიების მშენებლის ვინაობა ხშირად დაკარგულია. სვეტიცხოველი კი ამ მხრივაც გამორჩეულია - აღმოსავლეთის ფასადზე გაკეთებული წარწერის თანახმად, XI საუკუნეში სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი მელქისედეკ კათალიკოსმა ააშენა - 1010-33 წლებში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ტაძრის ხუროთმოძღვრის გვარი კი არსუკისძე ყოფილა.
სვეტიცხოვლის შესახებ პირველივე ლეგენდამ ჯერ არარსებულ ეკლესიას სახელი განუსაზღვრა. ლეგენდის თანახმად, ქრისტეს პერანგის დაკრძალვის ადგილას ლიბანის კედარი ამოსულა. IV საუკუნეში, წმ. ნინოს მითითებით, აქ ეკლესიის მშენებლობა დაუწყიათ და კედრისგან 7 სვეტი დაუმზადებიათ. ერთი სვეტი ჰაერში აღმართულა და მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვის შემდეგ დაშვებულა მიწაზე. სვეტისგან საკურნებელი მირონი გადმოსულა, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა. აქედან წარმოიშვა ტაძრის სახელწოდებაც - „სვეტი ცხოველი“ ანუ „სვეტი სიცოცხლის მიმნიჭებელი“.