ქართული კულტურის მრავალი წახნაგიდან, პირველ რიგში, ერის ტოლერანტულობას გამოარჩევენ - აქ სტუმარი ღვთისაა და თუ მაინც გაგიჩნდა კითხვა: რატომ უნდა იმოგზაურო საქართველოში, მაშინ შეგიძლია რამდენიმე ფაქტს გაეცნო ჩვენი ქვეყნის კულტურაზე.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა და ქართული კულტურაც უპირველესი ცივილიზაციების ეპოქიდან იწყება.
ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპული, არაბული, სპარსული, ოსმალური, შორეული აღმოსავლეთისა თუ სხვა ქვეყნების ცივილიზაციები. მათი თავისებურებებისა და თვითმყოფადი ქართული შემოქმედების შერწყმა კი მრავალფეროვან და უნიკალურ კულტურას აყალიბებდა.
საქართველო გაგაოცებს სიძველისა და თანამედროვეობის კომბინაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ისეთი სანახაობებით, რომლებშიც საუკუნოვანი ტრადიციები ახლებურ ფორმებშია გაცოცხლებული.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუდმივად უწევდა ომები დამპყრობლებთან, ჩვენმა ქვეყანამ მაინც შეძლო და შეინარჩუნა: თვითმყოფადი ხუროთმოძღვრება, ენა და უნიკალური დამწერლობა, ლიტერატურა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნება, გასტრონომიული ტრადიციები და სხვა.
და მაინც, რა გამოვცადოთ და რა ვნახოთ საქართველოში იმისთვის, რომ ქართული კულტურა რამდენიმე დღეში შევიცნოთ?
საქართველოში ჩამოსული ბევრი სტუმარი ეთნოკულტურის გაცნობას სუფრითა და ქართული კერძებით იწყებს.
ქვეყანა, სადაც 8200 წლის წინათ ღვინოს წურავდნენ, მართლაც, თავს იწონებს სუფრის ტრადიციით.
საქართველოში სუფრა ლხინსაც ახლავს და ჭირის თანამდევიც არის; სუფრასთან მოისმენ ყველაფერს, რაზედაც აქაური ადამიანი ფიქრობს, რაც უყვარს და რითაც თავს იწონებს. სუფრასთან მღერიან, ცეკვავენ, ლექსებს ამბობენ, აზრებს ცვლიან და ერთმანეთს უმეგობრდებიან ადამიანები.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შენთვის გაშლილ სუფრაზე გასინჯავ ამ კუთხისთვის დამახასიათებელ სასმელებსა და კერძებს. მათი საშუალებით კი ამ მხარის თავისებურებებსა და მის ავთენტიკურ გემოს გაიგებ.
ქართული ცეკვისა და სიმღერის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება.
საქართველო პოლიფონიის სამშობლოა. ქართული სიმღერაც ისევე უძველესია, როგორც თავად საქართველო.
ამ ქვეყანაში თითოეულ მხარეს თავისი უნიკალური ჟღერადობა აქვს, მაგრამ ყველას ახასიათებს ერთი რამ - მოწესრიგებული მრავალხმიანობა.
ქართულ მრავალხმიანობის განსაკუთრებულობას ისიც ადასტურებს, რომ მას “იუნესკომ” (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. 1977 წელს კი „ნასამ“ კოსმოსში ოქროს ფირფიტა გაუშვა, რომელზედაც ჩაწერა კაცობრიობის მიერ შექმნილი შედევრები, მათ შორის - ქართული ხალხური პოლიფონიის განძი „ჩაკრულო“ .
საქართველომ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთმა პირველმა დაუდო საფუძველი საეკლესიო მუსიკაში სამხმიან გალობას და აქ ჩამოსულ სტუმარს მისი მოსმენა ნებისმიერ მართლმადიდებლურ ტაძარში შეუძლია;
ქართული კულტურის კიდევ ერთი მარგალიტია ცეკვა. ის ჰყვება ამბავს სიყვარულზე, ომზე, რწმენასა და შრომაზე. როცა ქართული ცეკვის განსაკუთრებულობაზე საუბრობენ, პირველ რიგში, მამაკაცის პლასტიკასა და ქალის გრაციოზულობას აღნიშნავენ.
არქიტექტურული ძეგლები, სახლები, ციხესიმაგრეები, ჩუქურთმები, ფრესკები თუ ორნამენტები, რომლებსაც ქვეყნის ყველა კუთხეში, მთებსა თუ ბარში წააწყდები, ქართული კულტურის სიმდიდრეს დაგანახვებს.
IV საუკუნიდან, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, საეკლესიო ხუროთმოძღვრების განვითარება იწყება.
საქართველო, რომელიც ქრისტიანული და აღმოსავლური რელიგიების გზაჯვარედინზეა, ყოველთვის მიისწრაფოდა კულტურული დასავლეთისაკენ. ქრისტიანობის მიღებით კი ქვეყანამ საბოლოოდ განსაზღვრა თავისი მიმართულება.
დღეს საქართველოში შუა საუკუნეების მრავალი უნიკალური ქრისტიანული ძეგლია შემორჩენილი სრულყოფილი სახით.
საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენაა გაკეთებული.
მსოფლიოსთვის სენსაცია გახდა საქართველოში, სოფელ იმირთან, გადაჭრილი გორის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი ძვ. წ. აღ. 6000 წელია. მათი კვლევით დადგინდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა - ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოში მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.
საქართველოში შეგიძლია ანტიკური ხანის ნაქალაქარებიც ნახო, საქალაქო ცხოვრების მაღალი დონით. ელინიზმის ეპოქაში, როცა ახალი მსოფლიო ცივილიზაცია იბადებოდა, საქართველოზე ერთ-ერთი დიდი, მსოფლიო სავაჭრო-სატრანზიტო მაგისტრალი გადიოდა და შედეგად ქვეყნის ურბანიზაცია მოჰქონდა.
მსოფლიოში უძველესი დამწერლობა რამდენიმე ათეულ ენას აქვს. ძირითადი ანბანი კი მხოლოდ ორი ათეულია, რომელთა შორის ქართული ერთ-ერთი უძველესია. ის, სავარაუდოდ, ძვ.წ. III საუკუნეშია შექმნილი.
ქართულ ანბანს ისტორიის განმავლობაში სამი სახის დამწერლობა ჰქონდა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული - ამ უკანასკნელს დღემდე ვიყენებთ.
2016 წელს “იუნესკომ” ქართული ანბანის სამივე სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუშები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ქართულ კულტურაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა მოყოლილს ნანახი და მოსმენილი სჯობს - ამიტომ ეწვიე ქართულ ქალაქებს, სოფლებს, ტაძრებს, ეზიარე ქართულ ფოლკლორს, ტრადიციებს, დაათვალიერე მუზეუმები, ქუჩაში გამოფენილი ნაკეთობები, დაესწარი სპექტაკლებს, უყურე ქართულ კინოს, დააგემოვნე ქართული კერძები და თავად მიიღე პასუხი კითხვაზე: „რატომ საქართველო?“