ზღვასთან ახლოს, მწვანე პარკში, ბილიკზე რომ გაისეირნებ, შენ წინ ფრენკ სინატრას სკულპტურას დაინახავ. როდესაც მიუახლოვდები, მის „My Way-ს“ გაიგონებ, ცოტას რომ გაივლი, ფენომენალური ლუი არმსტრონგიც შეგხვდება, რომელიც თავის „What a Wonderful World-ს“ გიმღერებს და გულისცემაც აგიჩქარდება. იქვე გია ყანჩელის „ის აქ არის“ - ოთხ ბგერაში ჩატეული მარადიული სიყვარულის სიმბოლოც გაისმება და მიხვდები, რომ აქაურობა არა მხოლოდ მელომანებისთვის, არამედ ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაც საუკეთესო თავგადასავალია.
მუსიკოსების პარკი, „ბლექ სი არენას“ დარბაზთან ერთად, 2016 წელს გაიხსნა, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების 35 სკულპტურა დგას და აქ მათი ხელოვნებაა გაცოცხლებული.
პარკის ფართობი 21 ჰექტარია, გაშენებულია უნიკალური ჯიშის მცენარეები, კოის წყლის ბაღი, რაც იაპონური, დეკორატიული თევზია - სხვადასხვა კულტურაში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი არსება.
„მუსიკოსების პარკში“ ყველაფერი ხელოვნებაა - ხეში გამოკვეთილი ფიგურები, სკამები, მოსასვენებელი სივრცეები…
საღამოობით 1300 კვ.მ ფართობზე გაშენებული, გრანდიოზული, სამნაწილიანი მომღერალი შადრევანი ირთვება და მისი ლაზერშოუ - წყლის ფარდაზე ვიდეო და ფოტოგამოსახულებების ჩვენება იწყება.
პარკი ყოველდღე, 07:00-00:00 საათებში მუშაობს და აქ ხასხასა ბალახზე დასასვენებლად დღის ნებისმიერი მონაკვეთი გასაოცარი ემოციების მომტანია.