ბოლნისის სიონი ქვემო ქართლის მხარეში, ქალაქ ბოლნისში მდებარეობს. ის V საუკუნეში, 478-493 წლებშია აგებული და სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. ბაზილიკა ერთ-ერთი პირველი არქიტექტურული ტიპია ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში. ამ ძეგლით ჩანს ქართული ბაზილიკის ნათესაობა ქრისტიანულ ბაზილიკასთან და, ამასთანავე, ის მკაფიო თავისებურება, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას გამოარჩევს.
ტაძრის დანახვისთანავე თვალში მოგხვდება მისი ფერი - ბოლნისის სიონის კედლები მოპირკეთებულია სუფთად თლილი ქვით, ულამაზესი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფით. ბოლნისის ტუფი დღესაც ბოლნისის რაიონის ერთ-ერთი მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა.
ის პირველი ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით მორთეს. ქვაზე კვეთა უმაღლესი ოსტატობით არის შესრულებული. კედლებზე გამოსახულია როგორც წარმართული ხანისთვის დამახასიათებელი ცხოველის გამოსახულება - ხარის თავი, ისე დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქრისტიანულ სიმბოლოს - ჯვარს, ის ბოლნისელ ოსტატს სხვადასხვა ფორმით აქვს გადმოცემული. ერთ-ერთი ფორმაა წრეში ჩასმული ბოლოებგაფართოებული ჯვარი, რომელიც „ბოლნური ჯვრის“ სახელით არის ცნობილი და დღეს ქართულ ეროვნულ სიმბოლიკაში გამოიყენება.
ტაძრის კედლებზე საყურადღებოა სამი წარწერა - ისინი ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშებია, პალესტინის ქართული წარწერების შემდეგ.
ერთ-ერთი წარწერა მშენებლობის დაწყებისა და დასრულების თარიღებს იუწყება. ქვა, რომელზედაც ეს წარწერაა ამოკვეთილი, ახლა თბილისში, სახელმწიფო მუზეუმში ინახება; მეორე წარწერა გვამცნობს, რომ ბოლნისის სიონის ტაძრის აშენება ეპისკოპოს დავით ბოლნელის სახელს უკავშირდება, რომელიც ვახტანგ გორგასლის დროს მოღვაწეობდა. მესამე წარწერა ორ უცნობ პირს მოიხსენიებს.
ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს მიშენებულია მცირე სამლოცველო, რომელიც VIII საუკუნისაა; ეკლესიის გვერდით კი XVII საუკუნის ბოლოს აშენებული სამრეკლო დგას. სწორედ ამ საუკუნეში შეაკეთეს ეკლესია საფუძვლიანად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დაზიანდა მტრების შემოსევების დროს.
ბოლნისის სიონი 2006 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურის უძრავი ძეგლია. ტაძარი ამჟამად მოქმედია.