KA
2024-11-20T23:44:30.000000Z
ქართული კერძები, რომლებიც თბილისში უნდა გასინჯო

ქართული კერძები, რომლებიც თბილისში უნდა გასინჯო

ქალაქს ყოველთვის აქვს თავისი გასტრონომია, რომელიც არცერთ რეგიონს არ ეკუთვნის, ის თვითონ ქმნის ამ კულტურას, ცხოვრების სტილიდან და ადამიანებიდან გამომდინარე. თბილისი, რომელიც თხუთმეტ საუკუნეზე მეტს ითვლის, ამ მხრივ ძალიან ეგზოტიკური, საინტერესო და მრავალფეროვანია, აზიისა და ევროპის ერთგვარი ნაზავი, რომელიც მის გასტრონომიაზე აისახა. ყველა მეზობელი ქვეყნისა თუ დამპყრობლის გასტრონომია ამ ქალაქმა გაათბილისურა და თავისი განუმეორებელი შტრიხი შესძინა. აქ თავს იყრის მთელი საქართველოს რეგიონული გასტრონომია თავისებური, კოლორიტული სახით.
სარჩევი

ჩახოხბილი

ჩახოხბილი კერძი რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო

ეს კერძი მხოლოდ ფრინველის ხორცით მზადდება. დაჭრილი ხორცი ძალიან დაბალ ცეცხლზე თავისივე ცხიმსა და წვენში იშუშება, შემდეგ ბოსტნეულითა და პომიდვრით შეიკმაზება და უგემრიელეს წვნიანად იქცევა. 

ჩახოხბილი საინტერესოა იმითაც, რომ მისი სახელი თბილისის შესახებ ლეგენდას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ნადირობისას მეფე ვახტანგ გორგასალს ხოხობი დაუჭრია, დაჭრილი ფრინველი წყალში ჩავარდნილა და გაფუფქულა. მეფეს ამ ადგილას ქალაქის აშენება უბრძანებია და, თბილი წყლების გამო, სახელად თბილისი უწოდებია. 

სწორედ იმ ხოხბის გამო ჰქვია ამ თბილისურ კერძს ჩახოხბილი. 

აჯაფსანდალი

აჯაფსანდალი - კერძი რომელიც უნდა გასინჯო

აჯაფსანდალი ნამდვილი თბილისური კერძია, რომელიც ძალიან ჰგავს ამ მრავალეროვან  ქალაქს. ის თბილისის კოლორიტად შეიძლება ჩაითვალოს - ზაფხულის ცხელ დღეებში თითქმის ყველა უბანში შეიძლება იგრძნო მისი არომატი. აჯაფსანდალი, რომელიც თითქოს არცერთ რეგიონს არ ეკუთვნის და მაინც ყველასია, სამარხვო კერძად მიიჩნევა, მაგრამ ხშირად  ხორციანსაც ნახავ რეჰანისა და უამრავი ბოსტნეულისა თუ მწვანილის არომატით, მაგრამ მისი უმთავრესი ინგრედიენტი მაინც ბადრიჯანია. შეგიძლია გააკეთო ხორცით, მწვანე ლობიოთი, ბულგარული წიწაკით, კარტოფილით ან ბრინჯით. ზოგიერთები მას ქართულ რატატუის ეძახიან,  მაგრამ ის ნამდვილი თბილისქალაქური კერძია.  

შქმერული

შქმერული კერძი რომელიც უნდა გასინჯო

დედაქალაქი ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძების ერთგვარი შემკრებ-გამანაწილებელია. ყველა კუთხიდან მოაქვს ის, რითაც თავმოწონება და სტუმრის გამასპინძლება შეიძლება. ასე მოვიდა რაჭიდან შქმერული, რომლის რეცეპტი ცოტა ხნის წინ იაპონელებმა წაიღეს და მაღაზიებში ნახევარფაბრიკატის სახით ჰყიდიან. ესაა ნივრის, რძის ან არაჟნის წვენში ჩალაგებული ქათმის შემწვარი ხორცი, მარილითა და წიწაკით შენელებული. ყველაზე გემრიელი კეცზე მომზადებული გამოდის და თუ რაჭაში ნაღების გარეშე შეგიძლია მიირთვა, თბილისში მას აუცილებლად რძით ან ნაღებით შემოგთავაზებენ. 

ლობიო

ლობიო პარკოსანი კერძი

ეს ყველა ქართული ოჯახის საყვარელი კერძია და მისი მომზადების მრავალნაირი რეცეპტი არსებობს: ლობიო ტყემლით, ამოლესილი, მშრალი - კირკაჟი, ლობიო ქონდრით, ლორით. განსაკუთრებული ქოთნის ლობიოა, რომელიც ბევრ თბილისურ რესტორანში მზადდება. 

საცივი

რესტორანში საგანგებოდ შეგიძლია შეუკვეთო ქართული ეროვნული კერძი - საცივი, რომელიც საახალწლო სარიტუალო კერძად არის მიჩნეული. ის ინდაურის ან ქათმის ხორცით, ნიგვზითა და სუნელებით მზადდება.

ჩაქაფული

ჩაქაფული კერძი რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო

როგორც კი გაზაფხულზე გარემო გამწვანდება და ახალი ტყემალი გამოჩნდება, კეთდება ჩაქაფულიც. თუკი ამ დროს თბილისში ხარ, აუცილებლად გასინჯე ბატკნის ან ხბოს ხორცით, ქორფა მწვანილით, ბლომად ტარხუნითა და თეთრი ღვინით მომზადებული ეს არაჩვეულებრივი კერძი. 

მწვადი წალამზე

მწვადი წალამზე

მწვადისნაირი კერძი შეიძლება, სხვა ქვეყანაშიც გასინჯო, მაგრამ ქართულ წალამზე შემწვარ მწვადს სხვა გემო და არომატი აქვს. წალამი ვაზის ნასხლავია და საგანგებოდ მწვადის შესაწვავად ჩამოაქვთ დედაქალაქში ახლომახლო სოფლებიდან. ყველაზე პოპულარული საქართველოში ღორის მწვადია. საუკეთესოდ მწვადს, რა თქმა უნდა, კახეთში წვავენ, თუმცა გულს არც თბილისი დაგწყვეტს. 

ხაში

ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ აბრეშუმის გზაზე მდებარე საქართველოში ხაში საუკუნეების წინათ აზიიდან შემოვიდა. მერე ქალაქმა ის საკუთარ გემოვნებას მოარგო,  შეიყვარა და უბანი არ იყო, სახაშე რომ არ ყოფილიყო გახსნილი. თბილისში სტუმრობისას ნუ გაიკვირვებ, თუკი მასპინძელი დღის დაწყებას ხაშით შემოგთავაზებს, მით უფრო, თუ ნაბახუსევი ხარ. ქალაქში დღესაც ბევრია სახაშე, ხაში კი - ძველებურად გემრიელი. 

ქაბაბი 

ქაბაბი კერძი რომელიც უნდა გასინჯო

რბილი, ფაფუკი, არომატული, თითქოს წვნიანიც - ასეთია თბილისური ქაბაბი. ამ განსხვავებას ქართული სანელებლები ქმნის. მზარეულები თბილისური ქაბაბის საიდუმლოს არ ამხელენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ქაბაბის განსაკუთრებულ გემოს საქონლისა და ღორის ხორცის ფარშში ქათმის ფილეს დამატება ქმნის. ძალიან უხდება ქაბაბს ქართული საწებელი. 

ხინკალი

ცომის ფირფიტებში მოხვეული ხორცის ფარში - წვნიანი, არომატული, გემრიელი ხინკალი ქართული სამზარეულოს პოპულარული კერძების პირველ ხუთეულშია. ზოგადად, ხინკალი ქართული მთის კერძია, მაგრამ დედაქალაქმა მას თავისებურება შესძინა. ასე წარმოიშვა „ქალაქური ხინკალი“ მწვანილებით, პრიალა ცომითა და ნაოჭების სიმრავლით.

თბილისში კარგი ხინკლის ჭამა როგორც რესტორნებში, ისე ქსელურ სახინკლეებში შეიძლება, სადაც მასთან ერთად ქართული ლუდის დაგემოვნებასაც შეძლებ. 

ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური

ეს ის არის, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო, თან ყველა სახეობის. ასეთი კი ბევრია. თითქმის ყველა რეგიონს თავისი ხაჭაპური აქვს - იმერლები ტრადიციულ, დედა ხაჭაპურს აცხობენ, თხელი ცომითა და ბლომად ყველით, მეგრელები ყველს ხაჭაპურს ზემოდანაც აყრიან, მესხები უთხელეს ფენებში ახვევენ და ისე მოგართმევენ, აჭარლები - ნავის ფორმით, კვერცხის გულით, თითქოს ზღვაში ჩავარდნილ მზეს. ხაჭაპურის დაგემოვნება თბილისში ყველგან შეიძლება - საცხობებით დაწყებული, რესტორნებით დამთავრებული. ბუნებრივია, მაღალი კლასის ობიექტს უკეთესი არჩევანი აქვს. თბილისმა თავისი ხაჭაპური შექმნა, მაწვნით მოზელილი, სახელდახელო, რომელსაც „დედაქალაქური“ დაარქვა. 

ლობიანი

ლობიანი კერძი რომელიც უნდა გასინჯო

ასევე ყველგან შეგიძლია დააგემოვნო ქართული გულსართიანების კიდევ ერთი უგემრიელესი წარმომადგენელი - ლობიანი, რომელიც თბილისში ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით გემრიელი, რაღა თქმა უნდა, რაჭული ლობიანია ლორით. რაჭველებს ლორიც განსაკუთრებულად გემრიელი აქვთ, ლობიოც და მათი ნაერთიც არაჩვეულებრივი გამოდის. 

კუბდარი

სვანური კუბდარი

ეს უკვე სვანური გულსართიანია. მზადდება დაკეპილი ხორცით, გიცრულით - ტყის ქონდრითა და სვანური სუნელებით, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ არომატებს აფრქვევს. აუცილებლად გასინჯე, მაგრამ კარგ რესტორანში, ან გულითად მასპინძელთან - სახლში. კუბდარი არ არის ადვილად მოსამზადებელი და შესაბამისი ცოდნა სჭირდება. 

ყველი

ქართული ყველი

საქართველო ყველეულის სამოთხედ შეიძლება მივიჩნიოთ, აქ მისი 60-ამდე ნაირსახეობაა, ყველა რეგიონს თავისებური ყველი აქვს. თბილისში სპეციალურ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა თუ ბაზარში შეგიძლია უამრავი სხვადასხვა სახეობის ყველეული დააგემოვნო: იმერული,  გუდის ყველი,  სულგუნი, ქართლური ყველი, მესხური ტენილი, დამბალხაჭო, სვანური ნარჩვი, კალტი, თხის ყველი და საოცარი ხანის ჭურის ყველი.

პური

ქართული ტრადიციული შოთის იგივე დედას პური

თბილისი ყოველთვის ცნობილი იყო მეპურეებით, ყველა უბანს თავისი პურის სახეობა ჰქონდა, ამიტომაც არის, რომ დღემდე ყველაზე ცნობილ უბანს „პურის მოედანი ჰქვია“. 

თონესთან ხშირად ნახავდი შეკრებილ ხალხს ცხელი თონის პურით, რომელსაც ერთმანეთს უნაწილებდნენ. დღემდე უამრავი პურის საცხობია თბილისში, სადაც „დედას პური“, შოთები, ლავაშები და სომხური ხმიადი პურები ცხვება. ბოლო დროს ბევრგან შეხვდები უძველესი ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარ პურსაც და აუცილებლად იგრძნობ იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომელსაც ქართველები ამბობენ - „პურის მადლი“.

კულინარიული თვალსაზრისით თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია, აქ შეგიძლია ნამდვილი გასტრონომიული თავგადასავალი მოიწყო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა