ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ 137 კმ-იან გზაზე სუბტროპიკულ გარემოს ალპური და სუბალპური ტყეები და მინდვრები ცვლის, თავისი მოჩუხჩუხე მდინარეებით. ეს გზა საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალების ძირამდე მიგიყვანს - პირქუშ შხარასთან და ქათქათა თეთნულდთან, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, თოვლში გაქვავებული პატარძალია.
სვანური ლეგენდა გვიამბობს, რომ ღარიბ უშბასა და მდიდარი ოჯახის ქალიშვილ თეთნულდს ერთმანეთი შეჰყვარებიათ. თეთნულდის ოჯახს ქალიშვილისთვის ღარიბ ვაჟთან ურთიერთობა აუკრძალავს. სასოწარკვეთილი თეთნულდი პატარძლის თეთრ კაბაში გამოწყობილა და ღმერთისთვის უთხოვია - რადგან მე და უშბას ერთად ყოფნას არ გვანებებენ, ისე გაგვაქვავე, ერთმანეთის ყურებაში მაინც ხელი ვერავინ შეგვიშალოსო. ასე გაჩნდა კავკასიონის ქედზე ორი ულამაზესი მწვერვალი - უშბა და თეთნულდი, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და მარად ერთმანეთისკენ იყურებიან.
დაბა მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, კავკასიონისა და სვანეთის ქედს შორის, მესტიის მთების ქვაბულში, მდინარე ენგურის შენაკადების - მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე მდებარეობს. ის „კლდის ვეფხვად“ წოდებული მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სამშობლოა, რომლის სახლ-მუზეუმიც ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, რომლებიც მესტიაში უნდა მოინახულო. აქ სვანურ საგვარეულო კოშკებსაც უნდა ესტუმრო, ისინი მესტიაში 45-ია - 25-მეტრიანი, 4-5-სართულიანი ციხე-ნაგებობები. კოშკები სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ქონგურებით სრულდება.
მესტია ხშირად სახელმწიფო საგანძურის მცველის ფუნქციასაც ასრულებდა, რადგან ის მტრისთვის ძნელად მისადგომი იყო. ქართული საგანძურის ერთ ნაწილს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იხილავ.
მესტიაში შემონახულია შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო ქუჩებითა და გალავნებით შემოღობილი ეზოებით უკავშირდება. აქ შუა საუკუნეების საკულტო ნაგებობებსაც იხილავ - მაცხოვრის (მაცხვარიშ) ორსართულიან ეკლესიას, სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიებს და სხვა.
გაითვალისწინე, რომ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი აუცილებლად უნდა მოინახულო, სადაც სვანური სიმღერა და ცეკვა აქაური ხასიათის უკეთ გაცნობაში დაგეხმარება.
მესტიიდან 8 კმ-ში - კურორტი ჰაწვალი, ხოლო 15 კმ-ში კურორტი თეთნულდი მდებარეობს - ორი უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია: თხილამურებით თავისუფალი სრიალი (Free ride), სნოუბორდი, სკიტური, ჰელისკი, ასევე - პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურების მოწყობა და სხვა.
მესტიიდან დაახლოებით 13 კილომეტრში, მწვერვალ უშბის კალთაზე, შეძლებ ქორულდის ტბების მონახულებას, ხოლო დაბიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია უშბის ჩანჩქერი (შდუგრა), რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობენ მესტიაში ჩასული მოგზაურები. ასევე შესაძლებელია მრავალდღიანი ლაშქრობების ორგანიზება ლაკუმურაშის, მემულის, დიდი და პატარა ოქროწყალის ტბების მოსანახულებლად.