KA
Abudelauri Lakes

აბუდელაურის ფერადი ტბები

ამ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავშიც ვერ დაიტევ, რადგან, აბუდელაურის ფერადი ტბების დანახვისას განსაკუთრებული შთაგონება გეწვევა, მოგინდება, რომ შენი მოგზაურობის თითოეული წუთი ფირზე აღბეჭდო და სამუდამოდ შემოინახო.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

აბუდელაურის ფერადი ტბების საიდუმლო

მაღალმთიან ხევსურეთში, სოფელ როშკის თავზე და ჭიუხის (ჭაუხის) მასივის ძირში ჯერ მწვანე  , შემდგომ ლურჯი და ბოლოს თეთრი ტბა გელოდებათ. 

აბუდელაურის ტბების ეს განსაკუთრებული ფერები ერთი შეხედვით ჯადოსნურია, თუმცა სინამდვილეში, მათ შეფერილობაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: თეთრი ტბა კარბონატებს შეიცავს, რომლებიც ტემპერატურის მატების დროს იხსნება და წყალს თეთრ შეფერილობას აძლევს, ხოლო ლურჯი და მწვანე ტბების ფერები მყინვართანაა დაკავშირებული, რომელიც მუდმივად კაწრავს ქანებს, ნაკაწრი „მტვერი“ კი ტბების წყალში ჩადის, დიდხანს არ იძირება და მზის სხივებზე ლურჯ და მწვანე ფერებად ირეკლება.

როგორ მოხვდები აბუდელაურის ფერად ტბებთან?

მწვანე და ლურჯი ტბები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, თეთრი ტბა კი ოდნავ მოშორებით, პირდაპირ მყინვარის ძირშია და მასთან მისასვლელი გზა ლოდნარზე გადის და  შედარებით რთულია.

ტბებისკენ საუკეთესო მარშრუტი სოფელ როშკადან (1990 მ) იწყება. სწორედ აქ მთავრდება სამანქანო გზა, რის შემდეგაც 7 კილომეტრის გავლა მხოლოდ საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი.

არ გაგიკვირდეს, თუ გზად ამინდი რამდენჯერმე შეიცვლება, ამიტომ აჯობებს, თუ შესაბამისად აღჭურვილი წახვალ და მზად იქნები წვიმისთვის, რაც აქ არცთუ ისე იშვიათია. 

სად შეძლებ ღამის გათენებას?

სოფელ როშკაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც ადგილობრივი კერძებით გაგიმასპინძლდებიან, მაგრამ, თუ ღამის გათევას კარვებში გადაწყვეტ, ეს ადგილი კემპინგისთვისაც იდეალურია. 

როდის უნდა ესტუმრო აბუდელაურის ტბებს?

აბუდელაურის ტბები გაზაფხულის ბოლომდე თოვლითაა დაფარული, აგვისტოში კი წყლის დონე შედარებით იკლებს, ამიტომ მათ სანახავად საუკეთესო დრო ივნისი და ივლისია.

კიდევ რა გზით მოხვდები აბუდელაურის ტბებთან?

ტბებთან მისვლა ალტერნატიული მარშრუტითაც შესაძლებელია. სალაშქრო ბილიკი სოფელ ჯუთაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იწყება და ჭიუხის უღელტეხილით გადმოდის აბუდელაურის ტბებთან. მის გავლას როგორც წესი ორი დღე სჭირდება და გამოცდილი მოლაშქრეებისთვისაა რეკომენდებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა