KA
Sataplia Cave and Nature Reserve – Discover Dinosaur Tracks

სათაფლიის მღვიმე და ნაკრძალი

თუ დიადი ისტორიული ამბები გხიბლავს, მაშინ საქართველოში სათაფლიის მღვიმესა და ნაკრძალს აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან ეს ადგილი 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის - Satapliazaurus-ის ნაკვალევით არის ცნობილი.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

სად მდებარეობს სათაფლია?

სათაფლიის კარსტული მღვიმეები და სახელმწიფო ნაკრძალი იმერეთში, ქუთაისიდან 7 კმ-ში მდებარეობს. იქ აღმოჩენილი გაქვავებული ნაფეხურები კი მოწმობს, რომ ამ ადგილზე მილიონობით წლის წინათ დინოზავრები ცხოვრობდნენ. ეს გასაოცარი აღმოჩენა 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა, ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძიებისას გააკეთა. 1935 წელს აქ უკვე დაარსდა კომპლექსური ნაკრძალი, რომელიც გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს მოიცავს.

რით არის გამორჩეული სათაფლიის ნაკრძალი?

სათაფლიის ნაკრძალში მდებარეობს გამორჩეული კარსტული მღვიმე, რომელიც მდინარე ოღასკურის მიერ 30 მილიონი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

რას ნახავ სათაფლიაში?

სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილია. დინოზავრის ნაკვალევის გარდა, აქ შეგიძლია ნახო კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები, ზღაპრული სილამაზის კარსტული მღვიმე და დატკბე სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატების საოცარი ფორმებით.   

დღეისთვის სათაფლიის ინფრასტრუქტურა მოიცავს: კელითმოწყობილ მღვიმეს, დინოზავრთა ნაკვალევების საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, საფეხმავლო ბილიკებს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს და სუვენირების მაღაზიებს. ნაკრძალს სახელი მთის მიხედვით დაერქვა, რომელიც უძველესი დროიდან დღემდე ფუტკრების სამყოფელია. თაფლის სიჭარბის გამო, მას „სათაფლიას“, ანუ „თაფლის მთას“ ეძახიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა